Thursday, December 20, 2007

ალლილუია!

ჰეი, კრემატორო!
სანამ მოწევდე ჩვენს ბილწ სხეულებს,
ჩაწყობილებს სიგარეტივით ერთ დიდ კოლოფში,
სულ ერთხელ მაინც ასძახე ცას ალილუია!

ჩვენ ვისწავლეთ სიყვარულის მლაშე თეორია
და ფურცელ-ფურცელ ვახარისხებთ სიცოცხლეს სტამბაში,
სადაც გვბეჭდავენ და გვიშვებენ გასაყიდად ტირაჟით 1.
მაღაზიებში თაროებზე შემოდებულებს
ჩვენ აღარც გვახსოვს სათაურად რა გვაწერია
და სარჩევს მხოლოდ დალპობისას თუ აღმოვაჩენთ,
მერე კი ვინმე უწიგნურმა თუ არ გვიყიდა,
მაკულატურად ვიქცევით და საუკეთესო შემთხვევაში
ცეცხლზე დაგვწვავენ,
ან უარესი, ტვინგადაკეთებულებს ისევ გვიხმარენ ტუალეტებში
და ოდესღაც მისიებით გადატვირთულებს,
მხოლოდ უნიტაზს გვაჩუქებენ გარდასაცვლელად..

ეს ჭაობია უნაპირო
და ტალღებმორთხმით გაჭიმული ჩვენს სასულეთში,
ფსკერისკენ გვითრევს..
ჭაობი, რომელსაც მხოლოდ გვამების შესანახად იყენებენ
და ვინმე უცხომ სულ შემთხვევით ფეხი თუ ჩადგა,
თხემით ტერფამდე ჩაიყოლებს და ამოავსებს
ბინძური წყლით და სისხლისფერი წყალმცენარეებით,
ეს ჭაობია, სადაც ვაშენებთ ყოველ დილით ოქროს სასახლეს,
სადაც ვყიდით და ისევ ვყიდულობთ საკუთარ ფიქრებს,
ჩაყინულები მდუღარე წყალში ნიღბებს ვიკერავთ
და პომპეზური, გაპრანჭული მასხარებივით ვირგებთ სახეზე,
თან ისე მჭიდროდ რომ არასოდეს არ დაგვჭირდეს მისი დახევა,
მერე კი მღვრიე ჭაობიდან თავს რომ ამოვყოფთ,
აღარც კი გვახსოვს რომელია ნამდვილი სახე,
ბრჭყვიალა, ღიმილშენახმობი და მატყუარა,
თუ უხარისხო, სევდის და მტვრის ორნამენტებით..
ეს ჭაობია უნაპირო,
სადაც ყოველდღე ბოზდებიან ღვთისმშობლის წილხვედრი ქალიშვილები,
სადაც ყოველდღე ჯდებიან წამალზე ქრისტეს მეომრები,
ჭაობი, სადაც სისუფთავის ფუტლიარები
რუხი შენობების ფანჯრებიდან ძირს გადმოყარეს
და ზედ ფეხები შეაწმინდეს ლოკოკინებმა..

ჩვენ ვისწავლეთ წერა ლოცვების და რექვიემების,
ვისწავლეთ დღაბნა, საკუთარ ტვინში, საღებავების
და მათხოვრებით დამძიმებულ ტროტუარებზე
ისევ დავხატეთ ჩვენი სისხლით კრემატორიუმი,
შენ კი, კრემატორო,
ნურასოდეს მოგერიდება ჩვენი სხეულების ფერფლზე დაფურთხება,
რადგან არ გვახსოვდი სიკვდილამდე, განცდებდამჭკნარებს
და მხოლოდ ისღა დაგრჩენია,
რომ სანამ მოწევ ჩვენს სხეულებს სიგარეტივით,
სულ ერთხელ მაინც ასძახო ცას ალილუია!


(2007)

No comments: