Thursday, December 20, 2007

მე შენ მახსოვხარ..

ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს
და მიწასთან კავშირდაკარგული ვფრინდები აერში,
ვიშლები ნაწილებად,
ხელებად და ტვინად,
თქვენ თელავთ ჩემს ხორცს,
ფეხებით მტვერს აყრით და აფურთხებთ მას,
მე ვტირი, რადგან მიყვარდით თქვენ
და სისხლშერეული ქვები იკავებენ ჩემი ტვინის ადგილს
ჩემს დაჩეჩქვილ თავის ქალაში..
თქვენ იცინით და ნაცრისფერ ღრჯოლებს აჩენთ,
გინდათ მიპოვოთ უკანასკნელი სუნთქვის ადგილი,
გინდათ მოძებნოთ ეპიცენტრი ჩემი გრძნობების,
მე კი აურა სადღაც ზემოთ, თან წავიყოლე
და სულჩაჭიდებული აერის ხავსზე
ვგრძნობ როგორ ვისხლეტავ წვიმის წვეთებს,
ქარბორბალები ჩემი სულის გარშემო..
ბრბო თანდათან ქუჩდება და ბნელდება ჩემი თვალსაწიერი,
რომელშიც ვერ ვპოულობ მუდმივ სამაჯურს,
ფსალმუნების შეკვრას და ხველებას..
მხოლოდ წერტილები მკვდარი ენერგიით ისევ გაჰკივიან,
აღრეული ხმებით ცდილობენ თავების დაძვრენას
მსუბუქი ბაზრიდან, სახელად მკვლელობა..
მე ვცნობ თქვენს სახეებს...
აი შენ ქვას მესვრი..
აი შენ სკამს ფეხს მოაცლი და იმით ჩამქოლავ,
აი შენ კი.. უბრალოდ ბოლოს მოხვალ სეირის საყურებლად
და შვილს თვალებზე ხელსაც არ ააფარებ..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს და სიყვარულის უსაზღვრო მაღაროს,
მარად ლტოლვილი ჩემი სული განიცდის დევნას
და დამწამებენ მე შენს მკვლელობას!
და დამწამებენ მე შენს ღალატს!
და დამწამებენ მე შენს წამებას!
და წამის ქროლვით დაუფიქრებლად მომისჯიან ფერთა აღრევას,
მერე ცეცხლები, მიზნად ქცეულ მონატრებიდან
თავს დაიძვრენენ და ჩემს მკერდზე დაიძინებენ,
უბრალოდ მშვიდად მე შევხვდები შავ სტუმარს ცელით
და არასოდეს ვინანებ რომ ასე მიყვარდი,
მე არასოდეს ვინანებ რომ შენ გაგაღმერთე,
სისხლჩაქცევებით და დისტროფიული აღნაგობით,
მუდმივი ჭლექით და კოჭლობით,
მე არასოდეს ვინანებ რომ შენ მოგეძღვენი,
სულდახვრეტილი და თვალებმღვრიე წვიმის ბიჭი,
შენსავით მკრთალი და ჩუმი და სევდანარევი,
სარდალი მხოლოდ ჭუჭყიანი პეიზაჟების..
ვეღარ ვმართავ საკუთარ სიტყვებს, ნაწერ სტრიქონებს,
ყოველ მეორე ფანტაზიას სიკვდილი ახლავს,
ეს უიმედობის სამყაროა,
გაფუჭებული ტელევიზორები ჩვენს სულებს ემსგავსებიან
და გადამწვარი ნათურები თვალებს ჩვენსას,
მხოლოდ არ ვიკრავთ ღამის ფარვანებს,
რადგან თვალებში მათთვის ზედმეტად ბევრია ტკივილი
და თავის ტკივილითვე დამანჭულები
ცდილობენ ისე ამოიწვან მთელი სხეული,
რომ არც ერთ წამს არ იფიქრონ ადამიანზე..
მე დამწამებენ შენს ღალატს
და აღარასდროს არ მეტყვიან ამისთვის აუგს,
მხოლოდ მაშინვე,
სისხლმოჭარბებით აიმღვრევენ გულის უპეებს
და უფიქრალი, გაშმაგებული სახეებით
გვიან ღამით, მტვრის გროვაში მე გამყიდიან..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ჩემი დაცემა გარდაუვალია..
ვტოვებ ჩემს სხეულს,
ვიგლეჯ ტკივილებს და მოგონებებს, ჩაკიდულებს სულის თონეში,
ვიგლეჯ და ვწყვიტავ ფიქრების ძარღვებს
და ვიტრიალებ მთელს სხეულში ბენზოხერხივით,
მე ნაკუწ-ნაკუწ ვერითმები ანომალიას
და შენ მოდიხარ..
მე მილეწავენ გრძნობის კიდურებს,
და შენ.. ახლაღა??
მაინც მახსოვხარ..
მე შენ მახსოვხარ..
მე შენ მახსოვხარ..
საააააააააააა!!!


(2007)

No comments: