Thursday, December 20, 2007

მეათასეჯერ

მეათასეჯერ დავიწყე ფიქრი,

მე ათას ჯერმა უფრო მამტვერა,

თვალზე გამაკრა ას ფენად ლიბრი

და ასი ათასს გადამამტერა..


მამონტისხელა გული დანაცრა,

მომენტად მიხმო მარტივმა აზრმა,

სულში ჭაობად წყალი დამაცრა,

ტვინი მიქცია მეწამულ პლაზმად...


ამაოება.. განვმარტე თხოვნით,

ბგერა ბგერაზე მარცვლად დამაჯდა,

პირველი სიტყვა ოთხი თანხმოვნით

განმარტოებას დაუდარაჯდა


გადაეზილა ქაოსი წესრიგს,

გადაჯაჭვული ბნელი სინათლის,

არ დაემგვანა თუმცაღა ვერლიბრს,

რაღაც მარცვალი შერჩა სიმართლის...


ათასმეერთედ ფიქრი ფუჭია,

თუკი ათასჯერ ცდას ვერ დასჯერდი.

მთელი სამყარო ერთი მუჭია,

ხუთიოდ თითით გამონაჭედი...

No comments: