Thursday, December 20, 2007

დედას

სადაც არ არსებობს დრო..
ჩვენ ვერითმებით სარკეებს
და პელევდიკეის არილთა არმია ჩვენი სათაურია..
სადაც არ არსებობს სინათლე..
გახსოვდეს,
სიცოცხლის იქით რომ სულთა სამეფოა
და იმ სამეფოს იქით რომ კიდევ სიცოცხლე სჩანს
ჩვენ იქაც სარკეებს ვემსგავსებით,
ერთმანეთში ჩასახულ და არეკლილ სარკეებს,
რომლებიც ბადებენ და ითავსებენ სხვებს
და იმ სხვებში საკუთარ თავს
და რომ არ არსებობს ზღვარი,
ეს მხოლოდ ჩვენი ეპიგრაფია..

დღეებს გაღმა ფარდებია,
დანალექი იონები..
ხმები წარსულს ბარდებიან,
ჩუმი აპპასიონები,
მხოლოდ განცდებს ავიწყდებათ
გარიყული ღამეები..
ხანდახან რომ წამი წყდება,
რატომ სდუმან კამეები?
დღეებს გაღმა თვალებია,
სევდიანი კელიები,
შენი სუნთქვა მყვარებია,
როგორც ცისკრის რელიეფი

სადღაც არ არსებობს ფიქრი..
გრძნობების იმპერიაში გონება პერსონა ნონ გრატაა,
ეს ჩვენი სამყაროა..
შენი და ჩემი..
მხოლოდ თვალების..
ფერების..
ფერების ფერების..
და ფერების ფერებით ჩვენ ვფრინდებით
სიძნელეთში..
სადაც მთავარი კანონი სიმარტივეა..
ოდესმე შენი კანისფერი ოკეანეს აღაფრთოვანებს
და ის წყალს შეიღებავს,
მერე მე გავიცნობ შენი ფიქრისფერ ქალთევზებს,
შენი სულისფერ თვალებს გავახელ
და სულ შენს გრძნობისფერ სამეფოში ვიცხოვრებ..
და რომ არ არსებობს ფიქრი,
ეს მხოლოდ ჩვენი პროლოგია..

სვიებით მოხატულ ნაცრისფერ წარსულში
ქარებმა აწამეს ფერადი მთვარე..
იხილეთ ლეგენდა კასანდრას სიმართლის,
მე ვერ მოვასწარი რომ დამეთვალე..
მე მხოლოდ ვღებავდი მიწიერ ბიბლიას
და ღმერთმა მიამბო ამბავი შენი,
გახსოვდეს, სიცოცხლე უსრული ციფრია,
ხან წარღვნის მომტანი, ხან დილის მშვენი..
გახსოვდეს, სინათლე ყრუ ლექსის სტროფია,
ქარებად შენიღბა ეკლების კიბე,
მზის დაავადება უბრალოდ ცოფია..
მე ვერ მოვახერხე, რომ შემეკრიბე..
და ნისლის ქუჩაზე ფიქრების კუთხეში
თმაზე ცისარტყელით გიხილე ისევ..

სადაც არ არსებობს დრო..
ჩვენ ვერითმებით ერთმანეთს
და ოკეანური სარკეთა დარბაზი ჩვენ რომ გვცემს თაყვანს,
ჩვენი სიყვარულის პოემაა, დედა..


(2006)

No comments: