Thursday, December 20, 2007

სადაა მამა?

ჩემთან მოვიდა პეპელა, რომელსაც არ ჰქონდა ფრთები..
და მკითხა პეპელამ: სადაა მამა?
თვალების არევით, მექანიკური სუნთქვით და გაოცებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ლამპიონზე,
რომელიც ჩაქრა..
ჩემთან მოვიდა უცხოპლანეტელი, ნამდვილი ყურებით..
და მკითხა უცხოპლანეტელმა: სადაა მამა?
ტვინის გაჩხრეკით, დასუსტებული ნერვებით და ბოდვით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე მთვარეზე,
როცა გათენდა..
ჩემთან მოვიდა ქვა, რომელიც არ იყო ძვირფასი..
და მკითხა ქვამ: სადაა მამა?
თითების მტვრევით, გულის ფეთქვის შეკავებებით
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ასფალტზე,
რომელიც აყარეს..
ჩემთან მოვიდა თოვლის გუნდა, რომელიც იყო მიწიანი..
და მკითხა თოვლის გუნდამ: სადაა მამა?
ტუჩების მოყინვით, ოდნავი კანკალით და უპირობოდ
მე მხოლოდ გავჩუმდი და მივუთითე ნაძვის ხეებზე,
როცა გაზაფხულდა..
მაგრამ ვერასოდეს ვუხსნი ჩემს ძმისშვილებს,
როცა მეკითხებიან: სადაა მამა?
ცრემლების შეკავებით, სულის ამოვარდნით და ფიქრების დანაწევრებით
მე მხოლოდ ვჩუმდები და ვუთითებ ცაზე, უცისარტყელოდ..
მათ კი რახანია არ სჯერათ ჩემი,
რადგან უკვე წამოიზარდნენ და მიხვდნენ,
რომ ჩემი ძმა ცაში კი არა,
სადღაც იქაა,
სადაც პეპლების, ქვების, თოვლის და უცხოპლანეტელების მამები ცხოვრობენ..


(2007)

1 comment:

mtersasruti said...

როგორი ლამაზია.