Thursday, December 20, 2007

ლურჯო ანგელოზებო..

ხედავთ, ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ფრთები მინდა!
ჰაერი იპობა შვიდად და მე ვხედავ წვიმას,
მას ჩემთან მოყავს მზე და მზე გადის კედელში..
ჩემი კედლები ინგრევიან,
მე ვამტვრევ რქებს და ტოტებით ვამთელებ მდინარეს..
აქ არავინაა ნაცნობი, არავინ მიწვდის ხელს,
აქ დადიან შავ ლაბადიანი მამაკაცები,
რომლებსაც არ აქვთ ხელები
და გველები მათ მაგივრად გამონაზარდი,
ჩემს ქვეშ მიწაა, ხედავთ, აქ სხვებიც დაფრინავენ!
ეს ქაოსია,
ან ჩემი ბავშვობა,
მე არ მახსოვს გზა, რომლებსაც გავდიოდი
და მტვერი არ მახსოვს,
ბურუსია.. საშინლად მცივა.. აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება თამაზ ბაძაღუა
და მეშინია ჩემი სიფხიზლის..
არსად ჩანს ფრთები და მაინც დაფრინავენ ისინი..
და მე ვყვირი:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მალე, ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ მაღლა ლურჯო ანგელოზებო!
წამიყვანეთ, მცივა, ლურჯო ანგელოზებო!
ნეკა თითიდან სისხლი მომდის,
დეეეეეეეე, მტკივა, ჩემი სისხლიანი ხელები მტკივა,
სად არის იესო! სადაა იესო,
სისხლი მდის, შენ მომიტან თეთრ სახვევებს და სისხლს გამიჩერებ,
ხელზე მაკოცებ და ხელს თმებზე მომითათუნებ,
მე გამახსენდება მამა,
რომელიც არასოდეს მყოლია
და შენ დაგიძახებ ასე: იესო მამა..
მაგრამ არ მახსოვს გზა, რომლითაც გელოდი,
რომლითაც მოდიოდი ხოლმე ბავშვობაში,
შობის ღამეზე, როცა თავს ვიმძინარებდი, რომ საჩუქარი დამხვედროდა
და მხვდებოდა მხოლოდ სიტყვები,
“გილოცავ, საჩუქარი ხომ არაა მთავარი, მე შენ მიყვარხარ”..
არეულობა..
არეულობა..
აღრეულობა..
ქინქლები დაფანტულად მედებიან თვალის უპეებში,
ცრემლი მიგროვდება და ნაგვის ურნას ვეძებ, რომ დავიმალო..
აქ არავინაა ნაცნობი..
მე მახსენდება ანასტასია
და ველოდები მეტალის პეპლებს, რომ ნატკენი თითით ჩამოვეკიდო
ოქროსფერ მძიმე ფურცლებზე და გავყვე იქ,
საიდანაც გავაგონებ ჩემს ძახილს:
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
წამიყოლეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამაფრინეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ალიო?
ეს ზეცაა?
ზუმერი გაბმულად მიჩვენებს კომურ მდგომარეობას,
საიდანღაც ჩნდებიან თეთრხალათიანი მელიები
და მწვანე ქვებით აწვებიან ტელეფონის ჯიხურს,
რომელშიც წვიმას შევეფარე,
მე კი ისევ უდაბნოში ვხვდები..
აქ გველებია?
მე მეჯავრება ოაზისები!
წყალიც არ მინდა და მხოლოდ მიწა..
მიწა..
მიწა მწამს და ცეცხლი და ცეცხლი და
მომენატრა ცეცხლი მე
ცეცხლი მე
მომენატრა მე ცეცხლი!
მე კი ვხვდები რომ ეს საუკუნე შევკარი მხოლოდ ფურცლებით..
და დასტებს წლებისას არ აქვთ ბაწრები გადასაჭერად,
მხოლოდ ყულფები..
ყულფები, როგორც თეთრი მთვარეები
და მე მახსენდება გიო საჯაია
და გავურბივარ ღამის ტარანტულებს..
ჩემი გაქცევაც სხვათაშორისია..
ბილიკები, სადაც ფეხები ეწებებიან მიწას..
აბსურდული კანონიკაა საზოგადოება,
და საზოგადო ჭეშმარიტება - აბსურდი!
აქ არავინაა ნაცნობი..
ტუჩებს ვეღარ ვიძრობ,
ხედავთ ჩემს ირგვლივ სხვები დაფრინავენ,
ეს არაა თქვენი დედამიწა..
მგონი გავირინდე..
მგონი მე სახლში ვარ, და დამელოდება??
ზამთარი თოვს და გარშემო სივრცე
ჩემსკენ აბრუნებს ნარინჯის თვალებს..
მე მტკივა ლექსი და თოვლი,
მგონი მივფრინავ, კივილი მახრჩობს!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
მე ვარ სარდალი თეთრი ზამთრის და ალექსანდრიის!
ადამიანებო, მე ოქროს წვიმას მოვიყვან
და თქვენ სამუდამოდ ამოხოცავთ ერთმანეთს
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს მამა..
და მხოლოდ პოეტებს დატოვებს დედა..
და მე მახსენდება ნატო ინგოროყვა
და ვიხდი და ვიცმევ საკუთარ სხეულს,
ვიხდი და ვაცმევ ჰაერს და ხეებს,
როგორც კომპასებს, ვლეწავ იმედებს,
ვლეწავ ნათურებს, ვაგდებ ბილეთებს
და მხოლოდ სისხლის ამოთქმით ვყვირი!
წამიყვანეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
მომენატრა თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
ამიტაცეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!
დამიტოვეთ თქვენთან ლურჯო ანგელოზებო!


(2007)

No comments: