Friday, April 17, 2009

აქეთ თენდება

აქეთ თენდება,
თქვენთან უფრო ბინდია ალბათ,
სერ კოკა-კოლა,
სადღაც მიდიან პლანეტები
თავგამეტებით,
როგორც მედდები,
სიკვდილიდან პირველ, დღეს, შაბათ,
სევდის მოყოლა
იოლია თუ ჩაეტევი
რეგლამენტებით
ამოვსებულ სიცოცხლის კურსში,
ლედი მაკდონალდს,
თქვენთან ახლა ფიქრობენ უფრო
ვიდრე აწუხებთ
პრობლემები სიცარიელის,
მე გთხოვთ მიირთვით ტკბილი პუნში,
არ ღირს მაგდენად
უმიზეზო და უსაუბრო
კითხვის პასუხი.
სიმწარის და სიგემრიელის
თქვენეული ახსნა, კრომბახერ,
უფრო შორია, ალბათ ახლა,
მთვარის საუფლო,
და დღეებიც, ჩვენ რომ დავლიეთ
გამოფხიზლებით,
ხვდებით, ვიცლებით და რომ სახელს
აზრი არა აქვს, როცა სახლად
მოვრთეთ ჭაობი,
და უსმენო ღმერთის მადლია,
რომ არ ვიზრდებით.
აქეთ ვიცვლებით,
თქვენთან უფრო სივრცეა ალბათ,
მისტერ სნიკერს,
მოშივდებოდათ ტომაჰავკებს,
სისხლის ბრაესი,
შავი ფიცრებით,
დაგვიჭედეს ლურსმნები ჭარბად
ფონეტიკის.
და ვხვდებით, ისევ არას გვარგებს
უზენაესი.
თითქმის დილაა, ამ მიწაზე
ღამეულ ტანჯვის,
ტვინის არევის,
გუშინდელ დღიდან
სუნი აგვყვა უფერო შხამის,
რას ელოდები, ამერიკა!
დრო არის ლანჩის,
ყავის დალევის,
ჩვენ ღმერთი გვიყვარს,
და ღმერთსაც კი არ სჯერა ამის..


(2008)

No comments: