Friday, April 17, 2009

ფრანები

“ღმერთო დაიფარე ღმერთი”

კენ



როგორც მოცეკვავე ფრანები,
ელოდებიან ქუჩაში ქარს ძველი გაზეთები,
სიგარეტის დაჭმუჭნული კოლოფები,
ცელოფნის ჭუჭყიანი პარკები,
როგორც მოცეკვავე ფრანები,
ელოდებიან ქუჩაში ქარს..

ელოდებიან მატარებლის მოსვლას
ხისგან გამოჩორკნილი ყუთები,
საგულდაგულოდ შეკრული ტომრები,
პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები,
პლასტმასის ერთჯერადი თეფშები
და ა.შ.
როგორც ქარის მომლოდინე
ცელოფნის ჭუჭყიანი პარკები,
ელოდებიან მატარებლის მოსვლას..

ელოდებიან წვიმის გადაღებას
მღვრიე წყლით გადავსებული ორმოები,
სანიაღვრე არხში გაჩხერილი ნაგავი,
სველი ქოლგები – ოთახებში,
როგორც მატარებლის მომლოდინე
ხისგან გამოჩორკნილი ყუთები,
ელოდებიან წვიმის გადაღებას..

ელოდებიან მომღიმარ მზერას
დაღამებამდე ქუჩაში მდგარი გადამყიდველები,
წონამომატებული, მოკლე კაბიანი ბოზები,
ტელეეკრანებს მიკრული მაყურებლები,
როგორც წვიმის გადაღების მომლოდინე
სანიაღვრე არხში გაჩხერილი ნაგავი,
ელოდებიან მომღიმარ მზერას..

ელოდებიან ხმაურის შეწყვეტას
ტყვიების წვიმაში მოყოლილი ჯარისკაცები,
ხმაჩახლეჩილი ბარდები – გიტარით ხელში,
სიკვდილს მიყურადებული მოხუცები,
სიკვდილს მიყურადებული არც ისე მოხუცები,
სიკვდილს მიყურადებული ახალგაზრდები
და ა.შ.
როგორც მომღიმარ მზერის მომლოდინე
წონამომატებული, მოკლე კაბიანი ბოზები,
ელოდებიან ხმაურის შეწყვეტას..

ელოდებიან მეორედ მოსვლას
იმედგაცრუებული შეყვარებულები,
სასოწარკვეთილი დიასახლისები,
ფანატიკოსები ჯვრით ხელში,
ფანატიკოსები ჯვრის გარეშე,
ფანატიკოსები ფანატიზმის გარეშე
და ა.შ.
როგორც ხმაურის შეწყვეტის მომლოდინე
ტყვიების წვიმაში მოყოლილი ჯარისკაცები,
ელოდებიან მეორედ მოსვლას..


და ასე ერთად,
ერთფეროვნად,
როგორც მოცეკვავე ფრანები,
როგორც ცელოფნის ჭუჭყიანი პარკები,
როგორც ხისგან გამოჩორკნილი ყუთები,
როგორც სანიაღვრე არხში გაჩხერილი ნაგავი,
როგორც წონამომატებული, მოკლე კაბიანი ბოზები,
როგორც ტყვიების წვიმაში მოყოლილი ჯარისკაცები,
ჩვენ ველოდებით ღმერთს,
რომელმაც უკვე რა ხანია დაიგვიანა..


(2009)

No comments: